12 აგვისტო 2026,   21:02
ვრცლად
"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - მეხუთე ქართული კულტურული ელემენტი, რომელიც UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა

კახეთში, ხორბლის თესვას უძველესი ტრადიცია აქვს. პირველი კვალი მეკვლეს ძირითადი ყანის დათესვამდე გაჰყავს, მასში საგანგებოდ გადანახული, შესაწირი ხორბალი იყრება. ყანის აღმოსავლეთ კუთხეში ინთება სანთელი, აღევლინება ლოცვა და ტყდება სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი ხმიადი.

ხორბალს და მისგან დამზადებულ პურეულს საქართველოში უძველესი დროიდან განსაკუთრებულ პატივს სცემენ, თუშეთში სარიტუალო პურის ცხობა დღემდე გრძელდება, სადაც ათენგენობის დღესასწაულზე გულსართიან კოტორს აცხობენ. უწყვეტად, საუკუნეების განმავლობაში, ლემზირითა და ლესკარით აღავლენენ ლოცვას ლეჩხუმში.

მახა, დიკა, ზადურის ორი სახეობა და კოლხური ასლი - ეს ხორბლის ხუთი ენდემური სახეობაა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა და მხოლოდ აქ გვხვდება. მთლიანობაში, ქვეყანაში 15 სახეობაა აღწერილი. ხორბლის ყველაზე ძველი ნიმუში, რომელიც მარნეულის ველზე აღმოაჩინეს, ძვ.წ-ის მე-6 ათასწლეულით თარიღდება. მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის მოშენების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი კერაა.

საქართველოში, უკვე 8 ათას წელზე მეტია, პურის ცხობის წესები და მასთან დაკავშირებული რიტუალები თაობიდან თაობას გადაეცემა. გურული ღვეზელი, იმერული ლობიანი, თუშური კორკოტი, ხევსურული გოგა - ქვეყნის თითოეულ კუთხეში ხორბლის ნაწარმს საკუთარი ისტორია და მნიშვნელობა აქვს. "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - დღეს უკვე კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია.

გადაწყვეტილება ნიუ-დელიში UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე, აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღეს. ნიადაგის მომზადება, მოსავლის აღება, თავთავიდან მარცვლის გამოლეწვა - UNESCO-ს განმარტებით, ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს სრულ ციკლს, რომელიც ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს. ქართული კულტურის მორიგ აღიარებას დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან, ქვეყნის პირველი კანონმდებელი გამოეხმაურა.

"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" ხდება მეხუთე ქართული კულტურული ელემენტი, რომელიც UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა. საერთაშორისო აღიარება უკვე მოპოვებული აქვს "ქართულ მრავალხმიანობას", "ქვევრის ღვინის ტრადიციულ დამზადების მეთოდს", "ქართული ანბანის სამ სახეობას" და "ქართულ ჭიდაობას".

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები