18 ივნისი 2026,   22:56
ვრცლად
ოფიციალური ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირს "ბიუროკრატიულ მონსტრს" უწოდებს და "მესამე რეიხს" ადარებს

ოფიციალური ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკელი მილიარდერი ევროკავშირს "ბიუროკრატიულ მონსტრს" უწოდებს და "მესამე რეიხს" ადარებს. ბლოკის გაუქმების მოწოდებით ილონ მასკი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ევროკომისიამ მისი სოციალური ქსელი გამჭვირვალეობის ხარვეზებში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკირა. დონალდ ტრამპის მოკავშირე აცხადებს, რომ დროა, კონტინენტის სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი დაიბრუნონ.

ილონ მასკის კომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ევროკომისია "იქსის" მხრიდან "ციფრული სერვისების შესახებ" აქტის დარღვევას ასახელებს. საუბარია სოციალური ქსელის მიერ, თანხის სანაცვლოდ, მსურველებისთვის გადამოწმებული მომხმარებლის სტატუსის მინიჭების ახალ პრაქტიკაზე. ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, "იქსზე" გვერდები გადამოწმებულ სუბიექტს ეკუთვნის თუ პირს, რომელმაც ამ სტატუსისთვის ფული გადაიხადა.

გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიამ ციფრული სერვისების შესახებ ევროკავშირის კანონის საფუძველზე მიიღო, უკვე მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა. ბრიუსელს ვაშინგტონმა რამდენიმე დღის წინ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგია შეახსენა და ვაჭრობაში სამართლიანი, გამჭვირვალე ურთიერთობები მოითხოვა.

მიმდინარე სკანდალის ფონზე, ილონ მასკს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. შტატების პირველმა დიპლომატმა ევროკავშირი, "იქსის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, ამერიკელ ხალხზე თავდასხმაში ღიად დაადანაშაულა.

ბრიუსელის მიმართ თეთრი სახლის ადმინისტრაციის კრიტიკას დღეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი გამოეხმაურა. კაია კალასი ვაშინგტონის მხრიდან ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს. ევროკავშირის პოზიცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაიცვა.

ჯარიმის გადასახდელად და მითითებების შესასრულებლად, ილონ მასკის კომპანიას ევროკავშირის რეგულატორმა ორთვიანი ვადა მისცა.

დღის ამბები