21 აგვისტო 2026,   14:58
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობიდან მეათე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" დუმილს დიაგნოზად მიიჩნევს

ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობიდან მეათე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" დუმილს დიაგნოზად მიიჩნევს. პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ელისაშვილის დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეოც დაურთო. პარლამენტის სპიკერმა ახსნა ისიც, რომ ტერორიზმი პოლიტიკური ინტერპრეტაციების შესაძლებლობა არ იძლევა. შესაბამისად, მისგან დისტანცირებაზე უარი თავად პარტიისთვის ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას.

იმის მიუხედავად, რომ თავად ელისაშვილმა ჩადენილი აღიარა და ამის დამადასტურებელი კადრებიც გავრცელდა, "ლელო - ძლიერი საქართველოსთვის", ფაქტის შეფასების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირებს. პარტიაში ტერორიზმის ბრალდებულ ელისაშვილს კვლავ თანამებრძოლად მიიჩნევენ.

"ლელოს" კოალიციის გარდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შალვა პაპუაშვილი ALDE-საც აკისრებს. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ელისაშვილის კოალიცია "ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ოჯახის წევრია. პაპუაშვილმა, დღეს, მარტა კოსისა და კაია კალასის პარტიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივაც შეახსენა.

კითხვაზე, გაემიჯნებოდნენ თუ არა თანაგუნდელს ტერორიზმის ბრალდებით დაკავების შემთხვევაში, კონკრეტული პასუხი არ აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში. გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ მსგავს სიტუაციაში, მათი ნებისმიერი თანაპარტიელი პოლიტიკურ ძალას თავად დატოვებდა.

ტერორიზმის მუხლით დაკავებულ ელისაშვილის "ლელო" და ALDE რომ არ ემიჯნებიან, საპარლამენტო უმრავლესობაში არ უკვირთ. პოლიტიკოსების თქმით, ძალადობისა და ტერორიზმის მიმართ "ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" ლოიალობა მათთან არსებულ კრიზისს ადასტურებს, რაც საზოგადოებისთვის საყურადღებო სიგნალია.

საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობისა და მანდატურებზე თავდასხმის შემდეგ, კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერორიზმის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები