16 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
ლაბორატორია, სადაც ბუნებაში გადაშენებულ მცენარეებს თავიდან აცოცხლებენ - 900-ზე მეტი დაცული სახეობიდან 300 ქართული ენდემური ჯიშია

ველური მცენარე, რომელიც ჭიათურის ტერიტორიაზე ხარობდა, ბუნებაში დღეს უკვე აღარ არსებობს, თუმცა მისი თესლი უნიკალურ ლაბორატორიაში დღემდე ინახება. ის ისევ იცოცხლებს და გამრავლდება. სწორედ ამ მეცნიერული მეთოდოლოგიის წყალობით, შესაძლებელია გადაშენების პირას მყოფი საქართველოს ბუნების ენდემური სახეობები გადარჩეს და ისევ გამრავლდეს.

კონტეინერებში მთელი საქართველოს ბუნების თითქმის ნახევარი ინახება, დაცულია -20 გრადუს ტემპერატურაზე. თესლი, რომლითაც მცენარე მრავლდება, სანამ დაცულ ლაბორატორიაში მოხვდება და წლობით შეინახება, ხანგრძლივ პროცესს გადის. ნინო მელია, რომელიც ლაბორატორიაში 20 წელია მუშაობს, სწორედ ამ პროცესს აღწერს.

მცენარეების თესლი ჯერ შეგროვდება, მერე იწმინდება, დახარისხდება და ინახება. მასალა, რომელიც ნიადაგიდან კონტეინერებში დაიდებს ბინას, ათწლეულების განმავლობაში უნდა იყოს შენახული.

მცენარეთა ემბრიოლოგები კონსერვაციაზე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მუშაობდნენ. დაწესებულებაც ამიერკავკასიაში ერთადერთი იყო. დღეს მათ საქმეს ეს ხალხი და ეს ლაბორატორია განაგრძობს. მკვლევრები ამ ფორმით ცდილობენ, ნებისმიერი სახეობის ბუჩქი, სულ პატარა ველური მცენარეები და ტყე შვილებს შემოუნახონ.

ლაბორატორიას 20 წლის ისტორია აქვს. საქმიანობა ჯერ ამერიკელებთან ერთად დაიწყეს, მოგვიანებით კი საქმეში დიდი ბრიტანეთი და "ათასწლეულის პროგრამა" ჩაერთო. ახლა ერთ ოთახში დაცულია როგორც ქართული ენდემური 300 სახეობა, ასევე ამიერკავკასიაში გავრცელებული 600-მდე მცენარის ნიმუში. ლაბორატორიაში წლობით ინახება როგორც ბუნებიდან შემოსული თესლი, ასევე მცენარეც. აქვეა მათი საჰერბარიუმო ნიმუშებიც.

ქართული სახეობების ნიმუშები უკვე გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, სადაც მსოფლიო მცენარეთა სახეობების ნუსხა უნდა შეიქმნას. შესწავლილი და დაცული ლაბორატორიული ნიმუშის რაოდენობით, საქართველო მოწინავეა.

წლების განმავლობაში, ლაბორატორიამ შეძლო და საქართველოში გავრცელებული მცენარეთა 4 275 სახეობიდან ნახევრის ნიმუში შეისწავლა და შეინახა. მათი გამრავლება ახლა უკვე ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ბუნებას დაუბრუნდება კახეთის მაჩიტაც, ენდემური ჯიშიც, რომელიც გადაშენების პირას არის.

აქ პირველად მცენარეები. 1891 წელს გადმორგეს. აქვე დგას ყველაზე ასაკოვანი მცენარეც 1904 წელს დარგული უთხოვარი. ამ ლაბორატორიაში გაზრდილი ნუშიც რამდენიმე წლის წინ ასე დაუბრუნეს ბუნებას.

ამ ლაბორატორიის მცენარეთა უხუცეს ემბრიოლოგებს სამართლიანად მიაჩნიათ, რომ საშვილიშვილო საქმეს ემსახურებიან და, წლებთან ერთად, იმ ოქროს ფონდს ქმნიან, რომელმაც გადამწყვეტი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

დღის ამბები