ერთი ხელით დაწერილი ორი სცენარი, უცვლელი სახეებით, თუმცა ახალი ნარატივით და ისევ საქართველოს წინააღმდეგ. საწამლავის ქიმიურ ფორმულას, რომელიც მსჯავრდებული სააკაშვილის სხეულში ვერ აღმოაჩინეს, ახლა რუსთაველის გამზირის ფილების ქვეშ და ჭადრის ფოთლებზე ეძებენ.
საქართველოს წინააღმდეგ ახალი, ორგანიზებული ანტი-პიარკამპანია დაიწყო. BBC-ის ე.წ. საგამოძიებო მედიამასალა - არგუმენტების გარეშე, მხოლოდ მოსაზრებებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ამტკიცებს, თითქოს ხელისუფლებამ აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება "კამიტე" გამოიყენა. კამპანიის სტრატეგია უცვლელია - ანტისახელმწიფოებრივი სპეცოპერაცია უკვე კარგად ნაცნობ სცენარს ერთი ერთში იმეორებს.
ის, რომ ნებისმიერი გზით ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება, თუნდაც ეს ქვეყანას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანად დაუჯდეს, ამ ძალების მთავარი მიზანია, არაერთგზის დადასტურდა. უკვე დადასტურებულია ისიც, რომ ქართველებს მიზნის მიღწევაში აქტიურ დახმარებას უწევენ მათი პარტნიორები უცხო ქვეყნებიდან.
მარათონს არც ის პოლიტიკური ჯგუფი ჩამორჩა, რომლის წევრიც სულ რამდენიმე დღის წინ ტერორისტული აქტის განხორციელებასა და ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს დაწვას პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობდა. "ლელო", რომელიც პერიოდულად დაჟინებით უარყოფს მიხეილ სააკაშვილთან რაიმე სახის კოლაბორაციას, მაგრამ მის ჯანმრთელობაზე აქტიურად ზრუნავს, ახლა ვირტუალურ ქიმიურ იარაღზე ალაპარაკდა, რომლის სახელწოდება ვერც კი დაიმახსოვრეს.
ახალი გეგმის ნაწილი ისინიც არიან, ვისაც საქართველოში უცხოელი არქიტექტორებისთვის სასურველი "რევოლუციური პროექტი" არაერთგზის ჩაუვარდათ. მედიის საშუალებით დაწყებულ შავ პიარში ამჯერადაც გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩაერთნენ - NGO-ები, გიგაურისა და ლომჯარიას თაოსნობით, ძველ და მათთვის კარგად ნაცნობ დრამატურგიულ სცენარს თავიდან გაჰყვნენ, თუმცა ერთი შესწორებით - სააკაშვილის მოწამვლა მასობრივ მოწამვლად იქცა. ამით NGO-ები ცდილობენ, ძალა შემატონ იმ გენერატორს, რომლის საწვავსაც ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა.
ხელისუფლებისთვის იმ ე.წ. ფილმის მიზანი, რომელსაც ბევრი მაყურებელი არ ჰყავს - უკვე გასაგებია. ცნობილია მისი ფინალიც - ანონიმური რეჟისორის ნაშრომი არათუ ოსკარს ვერ მიიღებს, ავტოპლაგიატის გამო, ნომინირებულიც ვერ იქნება. 2025-ის სერიაში ხომ მხოლოდ პერსონაჟები შეიცვალა. სააკაშვილი - აქციის მონაწილეებმა ჩაანაცვლეს, საწამლავი კი - ქიმიურმა იარაღმა "კამიტემ".
აღარც "კამიტე", არც მოწამლული სააკაშვილი და არც თუთიყუშები ბუმბულის გარეშე. გეგმა ჩავარდნილი და ამოქმედებამდე გაშიფრულია. ახლა მთავარი კითხვაა, რას უნდა ველოდოთ მომავალში, სერიალი ამით დასრულდება თუ მომავალ სეზონზე დრამატურგია იგივე წრეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.