10 აგვისტო 2026,   08:42
ვრცლად
არღვევდა თუ არა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანია "კონკურენციის შესახებ" კანონს - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

არღვევდა თუ არა 11 კომპანია "კონკურენციის შესახებ" კანონს და ერთმანეთთან გარიგებების გზით ახდენდნენ თუ არა ხელოვნურად მოგების მაქსიმიზაციას? სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 შპს-ს მიმართ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

კომპანიები, ვისზეც მოკვლევა დაიწყო, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების საზედამხედველო მონიტორინგს აწარმოებენ რეგიონებში. მათ შორის: რაჭაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და გურიაში. ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, ის გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს - კომპანიებს შორის ხელოვნური გარიგებების თაობაზე.

თავად კომპანიები გადაცდომებს გამორიცხავენ, თუმცა ყველა საკითხის გარკვევის მიზნით, მოკვლევის პარალელურად სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავენ.

კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება, გათვალისწინებულია სანქცია. კონკრეტულ შპს-ს, წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5 პროცენტის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მიმდინარე მოკვლევის შედეგებს, სავარაუდოდ, ექვს თვეში წარმოადგენს.

დღის ამბები