06 აგვისტო 2026,   11:04
ვრცლად
BBC-ის ფილმის რესპონდენტები დღეს სუსის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ

BBC-ის ერთსაათიანი ფილმის ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტის მამა, რომელიც შვილებთან ერთად მასალაში გამოყენებული ერთ-ერთი კვლევის თანაავტორია, ამბობს, რომ გასულ წელს აქციების მონაწილეების ჯანმრთელობა ჯერ კითხვარებით, შემდეგ კი სისხლის ანალიზისა და კარდიოგრამის მეშვეობით შეისწავლა. სწორედ ამ მასალას დაეფუძნა სამეცნიერო სტატია, სადაც ჩახუნაშვილებმა დაადგინეს, რომ ცრემლსადენი გაზი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

დღეს, სუსის გამოძიების ფარგლებში მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხული მამა-შვილი ამტკიცებდა, რომ მათ კვლევაში "ბრომბენზილციანიდი" არ უხსენებიათ და არც ის იციან, გამოიყენა თუ არა მათი მიგნებები BBC-ის  ჟურნალისტმა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენება დააბრალა.

ჩახუნაშვილებისგან განსხვავებით, სტატიის კიდევ ერთი თანაავტორი არ გამორიცხავს, რომ "კამიტეს" გამოყენების ვერსიის შემუშავების დროს BBC-ის ერთ-ერთ არგუმენტად მათი კვლევაც გამოეყენებინა. გიორგი ღუნაშვილმა დღეს ნებისმიერ მძიმე ბრალდებაზე მტკიცების ტვირთი BBC-ის დააკისრა.

"კამიტე", იგივე ბრომბენზილციანიდი მძიმე მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც სასუნთქი ორგანოების პარალიზებას, ფილტვების დავიწროებას, გულის რიტმის დარღვევას, უკიდურეს შემთხვევაში კი კომას და გარდაცვალებას იწვევს. დღეს BBC-ის ფილმის გმირების საპასუხოდ ტოქსიკოლოგებმა განმარტეს, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მათთან მსუბუქი დაზიანებებითაც კი არავინ გადაუყვანიათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის აქციებზე შესაძლო გაფრქვევას ამ სიმპტომებით ხსნის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი. ეკა გიგაურმა, რომელიც BBC-ის ფილმის რესპონდენტია, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ვერ ახსნა რა არგუმენტით მტკიცდება "კამიტეს" გამოყენება. ფილმში გამოთქმული უმძიმესი ბრალდების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია დღეს საიას წარმომადგენელსაც.

BBC-ის ფილმის საქმეზე გამოკითხვა ჩატარდა სუსშიც. უწყებაში მისულმა ჩახუნაშვილების კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ მისი სიმპტომები ფილმში გაჟღერებულს არ შეესაბამებოდა. მისი სამედიცინო გამოკვლევა კი, მხოლოდ კარდიოგრამითა და წნევის გაზომვით შემოიფარგლა.

ბომბენზილციანიდით ინტოქსიკაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარგავებისა და ხეების განადგურებასაც კი გამოიწვევდა - ასეთია ტოქსიკოლოგ თეიმურაზ კობიძის მოსაზრება. კობიძის მტკიცებით, "კამიტეს" გამოყენება აქციის მონაწილეებში ათობით ლეტალურ შემთხვევას დააფიქსირებდა და კლინიკებში მიმართვიანობას მკვეთრად გაზრდიდა.

BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე და 333-ე მუხლებით აწარმოებს.

დღის ამბები