09 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
საერთაშორისო სამართლებრივი დავა BBC-ის ბრალდებაზე - "ქართული ოცნება" მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს

მთავრობის მეთაურის თქმით, BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმი, სადაც ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. მიზანი კი ორია - პროტესტის ხელოვნურად გაღვივება და ხელისუფლების შანტაჟი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ პირველი ჩვენება უჩა ნანუაშვილმა მისცა. ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ BBC-ის გამოძიებას მტკიცებულებების გარეშეც ენდობა და აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე რეაგირებას ევროკომისიისგან ითხოვს.

სწორედ არასამთავრობოები, ოპოზიციონერი აქტივისტები, ძალადობრივი აქციების ბრალდებული და მსჯავრდადებული ორგანიზატორები არიან BBC-ის ფილმის მთავარი ფიგურანტები, რომელთა ჩვენებებიც საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი იერიშის საფუძველი გახდა. თბილისი დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა აქტორის ჩართულობით დაწყებული თავდასხმის მიზანი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შერყევაა.

იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "კამიტეს", იგივე ბრომბენზილ ციანიდის გამოყენების ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, ოპოზიციისთვის BBC-ის ვერსიები მაინც სანდოა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფილმში მონაწილე აქტივისტების ჩვენებების სისწორესაც, თუმცა პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას აკისრებს.

"გირჩისთვის" წარმოუდგენელია, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებულიყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება.

BBC-ის მასალებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საერთაშორისო მედიის ნაწილი. Washington Examiner-ში, ავტორ ანი ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ "კამიტეს" გამოყენების ფაქტი არ არსებობს, ბრალდებები დაუდასტურებელია, თუმცა ვარაუდს დაზარალებულებისა და პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირების ჩვენებები ამყარებს. ანი ჩხიკვაძე ანალოგიურ მოსაზრებას საკუთარ სოციალურ ქსელშიც ავითარებს და ამტკიცებს, რომ აქციების დროს ქიმიური იარაღი მის წინააღმდეგაც გამოიყენეს.

Washington Examiner-ის ჟურნალისტი და სტატიის ავტორი, ანი ჩხიკვაძე, 8 წელი "ამერიკის ხმაში" მუშაობდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩხიკვაძე, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, ახლა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ღალატობს.

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემური და სისტემატური თავდასხმის ობიექტი ქართული ოცნების მიერ არჩეული პოლიტიკის გამო გახდა - არ დაექვემდებაროს უცხო სახელმწიფოების მითითებებს და გაატაროს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესი, რაც საქართველოს სტაბილური განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

საქართველოს ხელისუფლება BBC-ის წინააღმდეგ დავას ჯერ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქვეყნის შიგნით გამოძიებას 2 მუხლით აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დღის ამბები