პოლიციამ ბრიუსელის ცენტრში რეიდი გამთენიისას დაიწყო. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ევროპის საგარეო საქმეთა ქმედების სამსახურში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ათი ოფიცერი შევიდა. პარალელურად მიმდინარეობდა ჩხრეკა ბრიუგეშიც, "ევროპის კოლეჯში" და რამდენიმე კერძო სახლში. მალევე გაირკვა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზეზი პროკურატურის ის გამოძიება გახდა, რომელიც ევროკავშირის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითობას და კორუფციას უკავშირდება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ევროკავშირის სამ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს ხელბორკილები დღეს დაადო. ბელგიის ხელისუფლება და ევროკავშირის პროკურატურა იძიებს დაარღვია თუ არა დიპლომატიურმა სამსახურმა ტენდერების ჩატარების წესი. მედიის ინფორმაციით, ევროპის საგარეო საქმეთა ქმედების სამსახური და ევროპის კოლეჯი 2021 და 22 წლებში ევროკავშირის თანხებს არამიზნობრივად იყენებდა.
ფედერიკა მოგერინი ერთ-ერთია, რომელსაც, თაღლითობის ბრალდებით პოლიციამ ხელბორკილები დღეს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შემდეგ დაადო. გამოძიების ვარაუდით, მოგერინის გარემოცვამ წინასწარ, ტენდერის საჯაროდ გამოცხადებამდე 3,2 მილიონ ევროდ შეიძინა შენობა, რომელშიც შემდგომ ევროკავშირის საგარეო სამსახურმა დიპლომატიური აკადემია განათავსა. სავარაუდოდ, სწორედ მოგერინისთან დაკავშირებულმა პირებმა წინსწრებით, კანონდარღვევით მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ სასწავლო დაწესებულებისთვის ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში დღეს ჩატარებული ჩხრეკა ევროკომისიაში ბრიფინგზე დაადასტურეს.
კიდევ ერთი დაკავებული ევროკავშირის მოქმედი მაღალჩინოსანია. ის ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს. სტეფანო სანინო მოგერინის უმაღლეს წარმომადგენლად მუშაობის დროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის პოსტსაც იკავებდა. ის ახლა ""ევროპის კოლეჯთან"" დაკავშირებულ საქმეზე დაკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ, სწორედ სანინომ მიაწოდა ინფორმაცია ყოფილ ხელმძღვანელს დაგეგმილი ტენდერის შესახებ.
ცნობილია, რომ ოპერაციის მსვლელობისას რომელიც ევროკავშირს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის მხარდაჭერით ბელგიის პოლიციამ ჩაატარა, სულ სამი ადამიანია დაკავებული და მისამართებზე პოლიციამ დოკუმენტაცია ამოიღო.
პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე ეჭვმიტანილებს მოუხსნეს დიპლომატიური იმუნიტეტიც.