თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.
პროცესს თავად ელისაშვილიც ესწრებოდა. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა, ქმედება აღიარა და ისაუბრა მიზნებზე. მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 04:00 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა იარაღის ამოღებას.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისაშვილი არ თვლის, რომ დანაშაულებრივი ქმედებები აქვს ჩადენილი.
"დღეს დაადასტურა ბრალდებულმა მის მიერ უშუალოდ ქმედების ჩადენის ფაქტი, სასამართლოში შეჭრის მომენტიდან, ასევე მის მიერ მანდატურებზე თავდასხმის პროცესი, ასევე ბენზინის დასხმისფაქტი, თუმცა თვლის, რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი ქმედება.
არაერთი მოწმეა გამოკითხული და არაერთი ვოდეოკამერის ჩანაწერია ნანახი. ამ ყველაფრის შეჯერების შემდეგ, პროკურატურა მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ საქმეში იყო არა 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ ის, რაც ბრალად აქვს წარდგენილი,"- აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.