საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
"აქცია, რომელიც ამ რადიკალთა მიერ არის ორგანიზებული, გარე ძალების ხელში საცდელ ლაბორატორიად გადაიქცა - რაღაც ცდებს ატარებენ მათზე. ამ ჯერზეც ნახეთ, როგორი სამარცხვინო ამბავი იყო - "მანიფესტი", რომელიც წინასწარ იყო გაჟონილი. ე.ი. წინასწარ უდგენენ თამაშის წესებს, წინასწარ კარნახობენ. სამწუხაროა, რომ აგენტურული ძალები ამ ძალების ხელში თუთიყუშებად გადაიქცნენ. რასაც ჩასძახებენ, იმას იმეორებენ და ესაა მათი დღის წესრიგი.
არანაირი ჯანსაღი ოპონირების ხედვა არ გააჩნიათ - დაქირავებული აგენტურაა, რომლებიც არიან ბრიუსელში მოკალათებული ევრობიუროკრატების გამხმოვანებლები, მათი რუპორები," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "პრაიმ-ტაიმმა" მოიპოვა ე.წ. მანიფესტი, რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელიც ოპოზიციას აქციაზე უნდა წაეკითხა. მას შემდეგ, რაც გამოცემამ ტექსტი გამოაქვეყნა, ის აქციაზე უკვე აღარ წაიკითხეს.
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა არც ადასტურებენ. მედიაში გავრცელებული ტექსტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მასში საუბარია სამ მიზანზე, - პატიმრების გათავისუფლებაზე, არჩევნებზე, ხელისუფლების შეცვლასა და ევროინტეგრაციაზე.