დაკავებულია ალეკო ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.
"ვვარაუდობ, რომ დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რათა ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაც გზით გააჩერონ. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა და ამ შემთხვევაში, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს. გამორიცხულია, რომ მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და უკიდებდეს ცეცხლს, ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა არსებობს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი რომ ჰქონოდა, შეძლებდა თავისი სახლის ახლოს განეხორციელებინა და არა ამხელა მანძილზე", - აცხადებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
უწყების ცნობით, მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.