კიევის სამთავრობო კვარტალში რეიდი გამთენიისას დაიწყო, ანტიკორუფციული უწყებების ათობით წარმომადგენელი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის რეზიდენციაში და საცხოვრებელ ბინაში ერთდროულად შევიდა.
ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლები უკრაინელი მაღალჩინოსნის აპარტამენტებს და სამუშაო სივრცეს ამ დრომდე ჩხრეკენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიიდან 100 მილიონი დოლარის მითვისების საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია.
დღის ბოლოს ანდრეი ერმაკმა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. ზელენსკიმ ეს მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
ანტიკორუფციული უწყებების შეკითხვების კიდევ ერთი ადრესატი, ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვია. ანტიკორუფციულმა ბიურომ ის მიმდინარე კორუფციულ საქმეზე მოწმის სახით რამდენიმე დღის წინ დაკითხა. უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით უმეროვის ოჯახს ამერიკაში 8 უძრავი ქონება აქვს - 3 ბინა ფლორიდაში, 1 ნიუ-იორკში და 4 ვილა მაიამიში.
კორუფციულ სკანდალს ეხმაურება უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელი - ოლექსანდრ კლიმენკო ამბობს, რომ მიმდინარე ომი ქვეყანაში არსებული კორუფციის გაძლიერებისა და გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. კლიმენკო განმარტავს, რომ უკრაინაში მაღალჩინოსნების ნაწილი, თანამდებობაზე დანიშვნის და სახელმწიფო რესურსების მართვაზე წვდომის მიღების შემდეგ, ცდილობს ეს რესურსები გამდიდრების მიზნით გამოიყენოს.
კორუფციის გამომწვევ მიზეზად, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი, უკრაინაში სუსტ სამართალდამცავ უწყებებს ასახელებს. სემენ კრივონოსის შეფასებით, ეს ინსტიტუტები პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.
უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ გამოძიება, ანტიკორუფციულმა უწყებებმა, 15 თვის განმავლობაში აწარმოეს, ჩატარდა ათობით ჩხრეკა, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. გაირკვა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" კონტრაგენტებისგან უკანონო შემოსავალს იღებდა. საქმეზე უკვე დაკავებულია ათობით პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი. თანამდებობიდან გაათავისუფლეს იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები. სკანდალის მთავარ ფიგურანტად ზელენსკის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთი წევრი თემურ მინდიჩი სახელდება, რომელმაც ქვეყანა დატოვა.
უკრაინის ოპოზიცია და ზელენსკის პოლიტიკური პარტიის "ხალხის მსახურის" წევრების ნაწილი მთავრობის და პრეზიდენტის აპარატის მაღალჩინოსნების გადაყენებას ითხოვენ. ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ და კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ქვეყნის პრეზიდენტისგან ელოდებიან.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე