ყველაზე მსხვილი კრედიტორის ძარცვაში, შვეიცარიული ბანკი - Credit Suisse საერთაშორისო სასამართლოს სამმა ინსტანციამ ამხილა, თუმცა სახელისუფლებო გუნდი საქმის პოლიტიკურ მოტივაციაში, კიდევ ერთხელ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფინანსური აქტივები არ დაუბრუნეს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი, მმართველი პარტიის თქმით, ჩრდილოვანი მმართველების მიერ წლების წინ დაწყებული იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელს გაუყინეს კაპიტალი, დაუწესეს არაფორმალური სანქციები და შანტაჟის ფონზე, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვდნენ.
ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, 68-გვერდიანი სამართლებრივი დასაბუთება მოამზადა. საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყველა პუნქტში უპირობოდ გამართლდა. ბერდმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კი გამკაცრდა. გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლომ Credit Suisse ფინანსური და მორალური პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა და ძალაში დატოვა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრედიტორის ძარცვისთვის შვეიცარიულმა ბანკმა, ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
თანხის მიღებას, რომლის გადახდაც, Credit Suisse-ს საერთაშორისო სასამართლოებმა დააკისრეს, ევროპელი ბიუროკრატების პარტნიორი ოპოზიციის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ შეძლებს. ბრიუსელისა და სტრასბურგის ხშირი სტუმრები ნაციონალური მოძრაობიდან და ლელოდან, პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა შეზღუდვების მოსახსნელად, მიდგომა უნდა შეცვალოს.
ოპონენტების, ეს განცხადებები, სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი დასტური და აღიარებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩრდილოვან მმართველებს, პოლიტიკური ომი აქვთ გამოცხადებული. გაყინული აქტივები კი შანტაჟის იარაღია არაფორმალური ძალების ხელში.
დიდი ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 68 გვერდისგან შედგება, 31 კონკრეტულ ფაქტობრივ დასკვნას შეიცავს. თავად Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი დავები კი ლონდონამდე, ჯერ ბერმუდას შემდეგ კი სინგაპურის სასამართლოში მიმდინარეობდა.