08 ივნისი 2026,   15:45
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - 24 საათში, ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 6 პირი დააკავა

სხვადასხვა დასახელების ამოღებული ნარკოტიკი და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები ბოლო 24 საათში - სამართალდამცველებმა რეგიონებში 6 პირი დააკავეს, მათ შორის - უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ხელვაჩაურში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 37 წლის მამაკაცი მაშინ შეაჩერეს, როდესაც ის ნარკოტიკის სამალავებში დადებას აპირებდა. დაკავებულს 9 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" მცირე ზომის ჩანთაში ჰქონდა დამალული.

ირკვევა, რომ ნარკოტიკი უკრაინის მოქალაქეს ნაქირავებ ბინაშიც ჰქონდა გადამალული. სახლის ჩხრეკისას, 150 გრამამდე "მეთადონის" კრისტალები ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 35 და 36 წლის მამაკაცები დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ კვირიკეში, სასაფლაოების მიმდებარედ მდგარი ავტომობილი სამართალდამცველებმა საეჭვოდ მიიჩნიეს. მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა პოლიციამ პირადი და მანქანის ჩხრეკისას ამოიღო. ახალგაზრდები სასაფლაოსთან სავარაუდოდ ე.წ. ფაქტის სამალავებში დასადებად იყვნენ მისულები.

სამართალდამცველები გვიან საღამოს მობილიზებული იყვნენ ქუთაისის აეროპორტშიც. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთანავე, პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც ირკვევა, საზღვრის გადაკვეთისას, მებაჟე ოფიცრებმა სამი პირის ხელბარგში საეჭვო ნივთიერება შენიშნეს. სპეციალურ სკანერზე შემოწმებისას, ეს ნივთიერება ნარკოტიკი აღმოჩნდა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული მგზავრები საქართველოში მეთადონის, ტრამადოლისა და პრეგაბალინის შემოტანას ცდილობდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. ბრალდების მხარე სასამართლოზე სამივე მათგანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

აღიარებენ თუ არა დანაშაულს, ან რა პოზიცია აქვთ დაკავებულებს, ამ ეტაპზე, უცნობია. ადვოკატს საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი ჯერ არ სურს.

დაკავებულების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და პოლიცია ახლა იმის დასადგენად მუშაობს, მონაწილეობდნენ თუ არა ნარკოდანაშაულის სქემაში სხვა პირებიც.

6 პირის დაკავების საქმეზე, გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები