16 აგვისტო 2026,   03:30
ვრცლად
ეკონომიკური პარამეტრების ზრდა და სუვერენული რეიტინგი BB დონეზე - საკრედიტო სააგენტო Fitch-მა დოკუმენტში საქართველოს პროგრესი გაწერა

ეკონომიკური პარამეტრების ზრდა და სუვერენული რეიტინგი BB დონეზე - საკრედიტო სააგენტო Fitch-მა დოკუმენტში საქართველოს პროგრესი გაწერა. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, 5.6 მეათედი პროცენტიდან ქვეყნის ეკონომიკა 7.3 მეათედ პროცენტამდე გაუმჯობესდება. მზარდი იქნება 2026-27 წლების ეკონომიკური მაჩვენებლებიც. სააგენტო ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს BB დონეზე ადასტურებს და პერსპექტივას “სტაბილურამდე” აუმჯობესებს. რეიტინგიდან გამომდინარე, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აქცენტს სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე აკეთებენ. ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კი ისეთ მასშტაბურ ინვესტიციას ასახელებენ, როგორიც "იგლ ჰილსის" გეგმაა. მასშტაბური პროექტის მიხედვით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის, 6.6 მეათედი მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საერთაშორისო რეზერვების მოცულობაც გაზრდილია. მომგებიანი საბანკო სექტორი კი ქვეყანაში სტაბილური აქტივების ხარისხით გამოირჩევა. გაუმჯობესებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ფულადი გზავნილებიც. Fitch-ის შეფასებით, საქართველოს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება გააჩნია.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ საქართველოს საგარეო ვალი 2027 წლისთვის 36.2 მეათედიდან 32 პროცენტამდე შემცირდება. აქცენტი კეთდება პროდუქტიულობის ზრდასა და იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებიც უფრო ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული იმპორტზე. საერთაშორისო რეიტინგებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია.

ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ რეიტინგი საქართველოს პროგრესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. Fitch-ის პროგნოზზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო რეიტინგებში ლიდერია და ქვეყნის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

Fitch-ის დოკუმენტში აქცენტი კეთდება კიდევ არაერთ მიმართულებაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებს აუმჯობესებს, მათ შორის ეს არის საბანკო სექტორისა და საჯარო ფინანსების სტაბილურობა, დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია, საერთაშორისო რეზერვების მოცულობის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა.

დღის ამბები