სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანამ სწორედ საკუთარი გამოცდილებით აირჩია ის ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიჰყვება. იხსენებენ,თუ როგორ ზეწოლას ახდენდნენ ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. მათივე თქმით, რომ არა ქართული ოცნების პრინციპული პოზიცია, საქართველო დღეს შესაძლოა ისეთივე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენილიყო, როგორშიც დღეს უკრაინაა - ქვეყანა, რომლისთვისაც ომის გაგრძელებაც მძიმეა და დასრულებაც.
ოპოზიციის 2022 წლის გზავნილებს სოციალურ ქსელში თენგიზ შარმანაშვილი ავრცელებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქვე, შედარებისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადების ვიდეოსაც აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რა მოხდებოდა საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირები ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ.
უკრაინა რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშეა, ამას დღეს ხელისუფლების ოპონენტებიც აღიარებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ სტრატეგიულად დამარცხებული რუსეთია. პარალელურად კი იმედს გამოთქვამენ, რომ ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის უკეთესი პირობებით შეიცვლება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინის სამწუხარო რეალობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვისაც ომის თავიდან არიდება შეეძლო. უმრავლესობის თქმით, სულ უფრო ნათელი ხდება, რამდენად სწორი პოზიცია დაიკავა ხელისუფლებამ, როდესაც არ გაითვალისწინა ოპონენტებისა და კონკრეტული აქტორების მოწოდებები.
ვის ინტერესშია ევროპის კონტინენტზე ომი და ვინ არის რეალური სამიზნე? - ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ომის პროვოცირებისთვის პროცესები გაცილებით ადრე დაიწყო.
ომის დაწყებიდან საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე არაერთი განცხადების თანაავტორიც გახდა, რომელიც გმობდა რუსულ აგრესიას და მხარს უჭერდა უკრაინას.