ვაშინგტონი კიევზე ძლიერ ზეწოლას ახორციელებს და "ტრამპის სამშვიდობო გეგმაში" წაყენებული პირობების მისაღებად ერთ კვირიან ვადას აძლევს. ინფორმაცია "ფაინენშალ თაიმსმა" უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მოიპოვა. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისგან მნიშვნელოვან დათმობებს და "წითელი ხაზების" გადაკვეთას ითხოვს.
დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც საერთაშორისო მედიაში "ტრამპის სამშვიდობო გეგმის" სახელით გავრცელდა, უკვე დაადასტურა, როგორც ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ისე კიევმა. 28 პუნქტიან ტექსტში წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.
წარდგენილი გეგმა კარგია, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის - ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია დღეს თეთრი სახლის პრესსპიკერმა გაახმოვანა. ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადმინისტრაცია პროექტის შემუშავებისას თანაბრად მუშაობდა, როგორც რუსეთთან ისე უკრაინასთან — იმის გასარკვევად, თუ რა პირობებს დათანხმდებოდნენ მხარეები მშვიდობის დასამყარებლად.
დღის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ იმუშავებს ამერიკასთან და ყველა სხვა პარტნიორთან. ზელენსკი არ მალავს, რომ უკრაინა მძიმე არჩევანის წინაშე დადგა.
კიევისგან განსხვავებით ტრამპის სამშვიდობო გეგმა ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ მოსკოვს. საკითხზე სატელეფონო კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
ტრამპის სამშვიდობო გეგმას არ ეთანხმება ევროკავშირი. საკითხზე განცხადება, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გააკეთა.
გეგმას კრიტიკით ეხმაურება ოფიციალური ჰელსინკი. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წაყენებული პირობები უკრაინისთვის და ევროპული მიუღებელია.
უკრაინაში მიმდინარე ომის და მისი დასრულების პირობების შესახებ მხარეებმა ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომა რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო ჩაინიშნა.
საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში ომი არ წყდება. რუსეთი ქვეყნის ქალაქებზე და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს. სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. დარტყმის სამიზნე გახდა ზაპორიჟიეს, ოდესის და ხერსონის ოლქები, დაიღუპა 5 ადამიანი. მესამე დღეა სამძებრო ოპერაცია გრძელდება ტერნოპილში, მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 31 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს.