ბრიუსელი, 21 ნოემბერი - თარიღი ჯერ წინასწარ შეათანხმეს, ბოლო მომენტში კი გადადეს. საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირმა ჩაშალა. თუ რატომ, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, ევროკავშირი, რომელმაც შეხვედრა მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით გადადო, ქართული მხარისგან განსხვავებით, მონდომებული არ არის არგუმენტირებული პოზიციები მოისმინოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, რაზეც პრეტენზიები თავად აქვს.
ვის აქვს დიალოგის გულწრფელი სურვილი? - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში ადასტურებენ, რომ შეხვედრა თავად გადადეს, მიზეზად კი "ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებები" დაასახელეს. ამის მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობამ განაპირობა.
დიალოგი რომ მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტებთან არსებობს, ამაზე საუბრობს "ქართული ოცნებაც". უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბრიუსელი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ცალმხრივ, სუბიექტურ პოზიციებს ისმენს, ობიექტური ინფორმაციის მიღებაზე კი უარს აცხადებს. სახელისუფლებო გუნდის თქმით, სანქცირებული პირებით დელეგაციის დაკომპლექტებაზე განცხადებები სპეკულაციურია, თუმცა შემადგენლობის განსაზღვრა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.
საქართველო-ევროკავშირის ვერშემდგარ მოლაპარაკებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ მიზეზი მოსალოდნელი შედეგი გახდა - ქართულ მხარეს დეზინფორმაცია ფაქტებით ემხილებინა.
ოფიციალური თბილისი ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, როდესაც ბრიუსელი საკუთარი ინიციატივით შეწყვეტილ პროცესს სრულად განაახლებს.