საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში - IBTM World 2025 მონაწილეობს. IBTM World 2025 ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების MICE-მენეჯერებს შეხვედრები გამართა.
შეხვედრებში მონაწილეობდნენ კომპანიების მენეჯერები ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
"შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და "როუდ შოუების" ორგანიზება, ასევე საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, IBTM World 2025-ზე ბიუროს წევრი 9 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს", - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.