06 აგვისტო 2026,   07:13
ვრცლად
გამოვყოფდი სამ ძირითად ღირებულებას - პირდაპირი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში, ახალი სამუშაო ადგილები და ყოველწლიური შემოსავალი 33%-იანი წილიდან - მარიამ ქვრივიშვილი "იგლ ჰილსის" პროექტზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, "იგლ ჰილსის" პროექტს საქართველოსთვის სამი ძირითადი ღირებულება აქვს.

როგორც მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, პროექტის მთავარი ღირებულებაა პირდაპირი კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში, ახალი სამუშაო ადგილები და ყოველწლიური შემოსავალი 33%-იანი წილიდან, რომელსაც სახელმწიფო ფლობს პროექტში.

"მე გამოვყოფდი სამ ძირითად ღირებულებას, რომელსაც ეს პროექტი და 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანას მოუტანს. პირველი: ეს გახლავთ პირდაპირი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მილიარდი ლარი. მეორე: გახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია კონკრეტული, ხელშესახები ციფრებით ვისაუბროთ. მშენებლობის დაწყებიდან, ფაქტობრივად, მშენებლობის პროცესში, 24 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში. მას მერე, რაც პროექტი უშუალოდ ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი, 8 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ეს იქნება საკმაოდ მაღალი ღირებულების მომტანი, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ჰქონდეთ და მესამე: რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი? ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ორი არხით მიიღებს მიიღებს შემოსავალს. პირველი, ეს გახლავთ უშუალოდ მშენებლობის დაწყებისთანავე, საშუალოდ 500 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი გადასახადების კუთხით. მეორე მხრივ, სახელმწიფო ამ პროექტის თანაპარტნიორია. 33%-ის წილის მფლობელი არის სახელმწიფო და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად, ასეთი ღირებული პროექტიდან, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33%-ის ეკვივალენტ შემოსავალს. ჩვენი შეფასებით, 10 წლის განმავლობაში, ეს არის 2 მილიარდი ლარი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ, საშუალოდ, წელიწადში გამოდის 200 მილიონი ლარი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

დღის ამბები