ინსტიტუციური მოწყობა და ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობა - ეს ძირითადი არგუმენტები დასახელდა დღეს დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებების მიზეზად. ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი - სამივე ახალი წლიდან გაუქმდება და ფუნქციებს პროფილური უწყებები გადაიბარებენ. 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები გადაეცემა. ეკონომიკის სამინისტრო კი, 1-ლი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობას გადაიბარეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ამ ცვლილების მიზანი ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაა.
"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, პარლამენტსა და მთავრობას შორის შეთანხმებული პოზიცია რეფორმების გაგრძელების ნაწილია. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ ითხოვდნენ უცხოეთიდან კონკრეტული სამსახურების შექმნას და მის ინდივიდუალურ მუშაობას.
არც ანტიკორუფციული ბიუროს, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და არც ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. ამბობენ, რომ ცვლილებები კონტროლის გაძლიერებაზეა გათვლილი. ოპოზიცია ყურადღებას საერთაშორისო პრაქტიკაზე ამახვილებს.
ოპონენტების კრიტიკაში სახელისუფლებო პარტია მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებასთან ერთად, მმართველი გუნდი სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციაზეც საუბრობს. ამბობენ, რომ სამივე სამსახურის ფუნქციების სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებით, ქვეყნის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს დაზოგავს.
ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებაზე პარლამენტი მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიციირებულია.