ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ პრემიერს 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მრავალტომიან საქმეში განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ექსმაღალჩინოსნის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება დევს. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედავება. სამართლებრივი არგუმენტების მიუხედავად, გიორგი გახარია დანაშაულს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრიც იყო, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან, საგუშაგოს მშენებლობა პრემიერთან და სხვა უწყებებთან შეუთანხმებლად დაიწყო. შედეგად, 100 ჰექტარი ტყის ნაკვეთი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა მოექცა. გამოძიებამ დარღვევები აღმოაჩინა 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
20 ივნისთან დაკავშირებით, შეკითხვები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებსაც, თუმცა ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც ადრე თავად ხედავდნენ გახარიას ბრალეულობას, ახლა საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
ოპოზიციის გარდა, შეკითხვები 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით აქვს სტრასბურგის სასამართლოსაც, რომელმაც 6 წლის წინ გამართული აქცია პარლამენტის შტურმად შეაფასა და სახელმწიფოს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც დაავალა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 20 ივნისზე პასუხისმგებლობა გახარიამ თავად აიღო, თუმცა მალევე ქვეყნიდან გაიქცა.
ბრალი წარდგენილია, პატიმრობა დაუსწრებლად შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე