16 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
ბრალდებული ექსპრემიერის ევროპული სტიპენდია - რა კვლევას ამზადებს გიორგი გახარია "ჰერტის სკოლაში"

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში "ჰერტის მმართველობის სკოლის" გადაწყვეტილებაზე საუბრობს. საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლის ორ საქმეში ბრალდებული გიორგი გახარია ამ სკოლაში დაასაქმეს და მათივე სტიპენდიატიც გახადეს. სკოლას მჭიდრო პარტნიორობა აქვს ორგანიზაცია "ნედთან", რომელსაც საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ღიად ადანაშაულებენ და რომელსაც აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ამერიკელი ხალხის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხილა.

გიორგი გახარიას შემთხვევამ შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილის მაგალითი გაახსენა, რომელიც "მაკკეინის ინსტიტუტის" სტიპენდიატი ექსპრეზიდენტობის პერიოდში გახდა.

"ჰერტის მმართველობის სკოლის" ვებგვერდზე გიორგი გახარიას შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. სტიპენდიის მიღების პერიოდში, გაწერილია მისი საქმიანობაც. ყოფილ პრემიერს ევალება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე კვლევა მოამზადოს. კვლევის მიზანი ევროკავშირში საქართველოს წევრობის შედეგების კრიტიკული შეფასებაა.

"ჰერტის სკოლის" სტიპენდიატობამ საპარლამენტო უმრავლესობაში კითხვები არაერთი მიმართულებით გააჩინა. "ქართულ ოცნებაში" საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბევრი პლატფორმა მოქმედ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას აკონტროლებს, რადგან მათი ორგანიზაციების კონკრეტულ პირებთან გაიგივება არ სურთ, "ჰერტის მმართველობის სკოლის" შემთხვევას კი ეთიკის სტანდარტებიდან გადახვევას უწოდებენ. 

ევროპაში ხანგრძლივი მუშაობისთვის ხანგრძლივი ვიზის აღებაზე გახარიამ საქართველოს დატოვებიდან მალევე იზრუნა. გერმანიაში ბინადრობის უფლების მიღებაც ადასტურებს, რომ მის გეგმებში სამშობლოში დაბრუნება არ შედის.

ბერლინში მყოფ გახარიას ქართულ კანონმდებლობას ახსენებენ და იმედი აქვთ, რომ უცხოური სტიპენდიის პირობებში, ექსპრეზიდენტის მსგავსად, ექსპრემიერის არჩევანიც საკუთარი ქვეყნის ინტერესისა და იმიჯის დაზიანება არ იქნება.

გიორგი გახარიამ საქართველო ივნისში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების შემდეგ დატოვა. 6 თვეზე მეტია, ყოფილი პრემიერი გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობას ახლა "ჰერტის სკოლის" თანამშრომლად განაგრძობს.

დღის ამბები