დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება - დასავლეთის ქვეყნებში, გამოკითხული რესპონდენტების ნახევარზე მეტი უკმაყოფილოა დემოკრატიის ხარისხით და შიშობს, რომ მომავალში უფრო დიდი საფრთხეებია მოსალოდნელი. საერთაშორისო კვლევა Ipsos-მა ჩაატარა, შედეგები კი გამოცემა Politico-ზე გამოქვეყნდა.
კვლევის შედეგები არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით პრობლემებია და უცხოელი მოქალაქეების მიერ გამოთქმული კრიტიკა იმ ბრალდებების იდენტურია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ბიუროკრატიას უყენებს.
ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენს. ოპოზიციისთვის, მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩევლებს კრიტიკის ღიად გამოხატვა შეუძლიათ.
Politico-ს მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, გამოკითხვა იმ დროს ტარდება, როდესაც მზარდია შეშფოთება, რომ დასავლეთში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კი უკმაყოფილოა თვითმმართველობის სისტემების წინაშე არსებული პრობლემებით. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კვლევას გამაფრთხილებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს და კონკრეტულ ქვეყნებში მთავრობები არა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით, არამედ მოსახლეობის ინტერესების მიხედვით უნდა მოქმედებდნენ.
Ipsos-ის კვლევაში მონაწილეობა ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების 10 ათასზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო.