პროვოკაციული ქმედებები და ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა, - მმართველი გუნდი ევროპელი ბიუროკრატების მიზნებზე საუბრობს და გერმანიის ელჩის ქმედებებს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს. პიტერ ფიშერი, რომელიც გერმანიაში კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, თბილისში დაბრუნების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ქმედებით ელჩმა დაარღვია საკუთარი პირობა, რომ თავს შეიკავებდა რადიკალური ქმედებებისგან, ასევე დაირღვა გერმანული მხარისგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული სიტყვიერი პირობაც.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი დიპლომატის ქმედებები ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება კონტრ-პროდუქტიული იქნება. ამიტომ, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ინარჩუნებენ.
"გავიდა რადიკალების, შიდა ტერორისტების აქციაზე და მხარი დაუჭირა ამით რადიკალიზმს, ფოტო გადაიღო ადამიანთან, რომელიც ვერ იკავებს სიძულვილს, ქართულ ეკლესიასთან და პატრიარქთან მიმართებაში, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
საზოგადოებისგან რომ ისმის ელჩის გაძევების სურვილი, ესეც სრულიად ბუნებრივია და სამართლიანი, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და ჩვენ ვინარჩუნებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.