14 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე - "საქართველოს რეალურად შეფასება ფაქტობრივად არ ხორციელდება. როგორ უნდა შეფასდეს? პოლიტიკური დიალოგი გაჩერებული აქვს ბრიუსელს"

საქართველოს რეალურად შეფასება ფაქტობრივად არ ხორციელდება. როგორ უნდა შეფასდეს? პოლიტიკური დიალოგი გაჩერებული აქვს ბრიუსელს. ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელი არღვევს საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი საუბრობდა. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელთან კოორდინაციაში მყოფი პირებიც საქართველოში ახმოვანებდნენ ერთი-ერთში იმას, რაც ანგარიშში აისახა.

„ასეთი მაგალითები ბევრი ვნახეთ, როდესაც დასტურდება გარკვეული კოორდინაცია იმ ადამიანებსა და ბრიუსელის გარკვეულ წრეებს შორის, რომლებიც დღეს საქართველოში ასე ხმამაღლა გამოდიან დემოკრატიის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. არსებობს კოორდინაცია, არსებობს ერთი ხელი, რომლითაც ხდება გარკვეული პროცესების მართვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

კარგად რომ შევხედოთ რასთან გვაქვს საქმე?! ჩვენ გვესმის პოლიტიკური განცხადებები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, რომ ეს პროცესი გაჩერებულია. ესეც გვითხრეს, რომ მხოლოდ სახელიაო კანდიდატის სტატუსი. ანუ ამას შინაარსი არ აქვს... და ამას სჭირდება რაღაცნაირად გამართლება ხომ?! რაღაცნაირად უნდა მოახდინონ გამართლება იმისა, რომ საქართველო ამ პროცესში არ არის. ამის გამართლებისთვის ახლა უნდა გამოიყენონ დოკუმენტები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, სადაც საქართველოს შესახებ არის გარკვეული ინფორმაცია. თავი არის მიძღვნილი საქართველოსადმი, როგორც კანდიდატი ქვეყნისადმი. თუმცა ეს ანგარიში არის უარყოფითი. ასე ითქვა, რომ უარყოფითია. სინამდვილეში ხდება ის, რომ საქართველოს რეალურად შეფასება ფაქტობრივად არ ხორციელდება. როგორ უნდა შეფასდეს? პოლიტიკური დიალოგი გაჩერებული აქვს ბრიუსელს. ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელი არღვევს საქართველოსთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც პოლიტიკური დიალოგი, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ფორმატებში არც ერთი შეხვედრა არ განხორციელებულა მთელი წლის განმავლობაში.

ეს შეხვედრები იმისთვის არის განსაზღვრული, რომ ხდება გარკვეული პროგრესის შეჯერება, გარკვეული ნაბიჯების შესახებ საუბარი, ამ პროცესებზე ბრიუსელთან დიალოგი და ეს დიალოგი ბრიუსელმა გააჩერა. ანუ შესაბამისად, შესაძლებლობა იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც წერენ ანგარიშს, ობიექტური სურათი ჰქონოდათ თავად ბრიუსელმა მოკლა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები