19 ივნისი 2026,   03:12
ვრცლად
კორუფციული სკანდალი უკრაინაში - მრავალმილიონიანი სქემის კვალი უკრაინელ მაღალჩინოსნებამდე და ზელენსკის ახლო გარემოცვამდე მივიდა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 100 მილიონიანი კორუფციული სქემა გამოავლინა. 15 თვიანი მუშაობისა და მოპოვებული 1000 საათიანი აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "ენერგოატომი" იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, "ენერგოატომის" კონტრაქტორები იძულებულები იყვნენ, კომპანიისთვის 10-15 პროცენტიანი ქრთამი გადაეხადათ, რომ მათი პროდუქციის დაბლოკვა არ მომხდარიყო.

მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის კვალი უკრაინელ მაღალჩინოსნებამდე და ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვამდე მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი და ზელენსკის "ყულაბად" წოდებული თემურ მინდიჩი ქვეყნიდან მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიქცა.

დღეს თანამდებობა დაატოვებინეს უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ და ამჟამად იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს.

ქრთამისა და ფულის გათეთრების საქმეებში 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათგან 5 უკვე პატიმრობაშია. მრავალმილიონიანი სქემა კი იმ ორგანიზაციებმა გაშიფრეს, რომელთა გაუქმებასაც პრეზიდენტი გეგმავდა, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო შეცვალა.

"ქართული ოცნებისთვის" ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველო კორუფციის კუთხით ყველა საერთაშორისო რეიტინგში უკრაინაზე მოწინავე ადგილზეა, ბრიუსელი კი მხოლოდ საქართველოს აკრიტიკებს, ეს ევროპის უსამართლო მიდგომაზე მიუთითებს.

ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის მხრიდან ვერც ორმაგ სტანდარტს და ვერც უსამართლო მიდგომას ხედავენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპის კრიტიკა ობიექტურია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად გაგზავნილი ფული, არამიზნობრივად დაიხარჯა, ევროკავშირი უკრაინაში კორუფციის მაღალ დონეზე თვალს ხუჭავს. ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკაზე საუბრობს ქვეყნის პირველი დიპლომატიც.

მრავალმილიონიან კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია უკრაინულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს გაავრცელა.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები