თბილისის მერი კახა კალაძე თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო უსამძიმრებს.
"ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას," - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფა მოხდა - ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი.
კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "სი-130"-მა, იგივე ჰერკულესმა. "ფლაი რადარის" მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.