14 აგვისტო 2026,   10:48
ვრცლად
თქვენ სხვას როგორ ეძახით "ნაცებს"? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი "ნაცი", რამდენიც დღევანდელ "ოცნებაშია" პორტირებული - გიორგი შარაშიძე უმრავლესობას

თქვენ სხვას როგორ ეძახით "ნაცებს", როდესაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი "ნაცი", რამდენიც დღევანდელ "ოცნებაშია" პორტირებული, - ასე მიმართ ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შარაშიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ზუგდიდის საკრებულოში კოალიციის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი კოალიცია არ არსებობს.

"თქვენ სხვას როგორ ეძახით "ნაცებს", როდესაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი "ნაცი", რამდენიც დღევანდელ "ოცნებაშია" პორტირებული, შემდეგ წახალისებული და ზოგი დაწინაურებული. თქვენ დასუსტებული და გამქრალი "ნაცები" არ გჭირდებათ, რადგან საფრთხობელას როლს ისე კარგად ვერ შეგისრულებენ. ამიტომ, როდესაც ეს საჭიროა ხშირად აცოცხლებთ და ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ. არანაირი კოალიცია ჩვენ ზუგდიდში არ გვაქვს, რადგან არ არსებობს კოალიცია საკრებულოში. ეს არ არის კოალიცია, არც ყოფილა და არც იქნება კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

შარაშიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განუმარტა, რომ კოალიცია არ ნიშნავს მმაჩის ბიუროში რეგისტრირებულ კავშირს, არამედ საუბარია გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება.

"მაინც შეგახსენებთ, ისე განმარტებისთვის, რომ კოალიცია არ ნიშნავს მმაჩის ბიუროში რეგისტრირებულ კავშირს. კოალიცია ნიშნავს ერთობლივად დაკომპლექტებას ხელისუფლების და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღებას. ხვალ გვექნება ბიუჯეტის განხილვა და მხარს თუ დაუჭერთ, მერე ნახავთ, დაგაბრალებენ თუ არა კოალიციაში შესვლას. ამიტომ, ეს რეგისტრირებული კავშირი არ არის, ეს არის გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები