14 აგვისტო 2026,   07:24
ვრცლად
PACE-ს წევრებს ძალიან ნათლად ავუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით მივიღეთ - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, PACE-ს წევრებთან შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე, PACE-ს წარმომადგენლებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მათი საკმაოდ მყარი პოზიცია გააცნეს.

სამხარაძის განმარტებით, მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და არც სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონში ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე.

"ძალიან ნათლად ავუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ, ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არცერთ უფლებას, რომელიც ჩამოთვლილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ამიტომ, ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე გასაჩივრებულია სტრასბურგში. შესაბამისად, დაველოდოთ განხილვებს. მათ შორის, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და არც სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონში ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე. შესაბამისად, ამ კანონის დროებითი შეჩერება მან არ მოითხოვა", - განაცხადა სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, PACE-ს წევრების მხრიდან ძალადობის დაგმობის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, PACE-ს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ რეპორტიორები და მომხსენებლები არ აფასებენ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას და არ აფასებენ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის ქმედებებს, არამედ ისინი აფასებენ, როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს.

"რაც შეეხება ძალადობის დაგმობას, ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ რეპორტიორები და მომხსენებლები არ აფასებენ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას და არ აფასებენ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის ქმედებებს, არამედ ისინი აფასებენ, როგორ ასრულებს საქართველო თავის ვალდებულებებს. თუმცა, საქართველოს ვალდებულებების შესრულებაში მთლიანი პოლიტიკური კლასი მონაწილეობს და როდესაც ერთი მხარე ამ ვალდებულებების შესრულებაში ხელს გიშლის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აწყობს, ამის არშემჩნევა და არდაგმობა, ჩვენ მივუთითეთ, რომ არ არის სწორი პოზიცია", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები