06 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. სხდომაზე, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამჟამინდელი რეგულაცია პრობლემას უქმნის იმ პირებს, რომლებმაც პროფესიული საზღვაო განათლება მიიღეს 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, თუმცა ახალი კანონის მიღების შემდეგ ვერ მოასწრეს კომპეტენციის სერტიფიკატის აღება 2014 წლის 14 ნოემბრამდე. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამწლიანი პროფესიული სწავლა დაასრულა 1200-მა კურსდამთავრებულმა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ 1200 კურსდამთავრებულიდან 795 პირმა ვერ მოახერხა კომპეტენციის სერტიფიკატის აღება ამ ვადაში.

"წარმოდგენილი ცვლილების მიღებით, 795 მეზღვაურს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ ან განაახლონ მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატები შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით. მოთხოვნებში იგულისხმება აღიარებულ საწვრთნელ ცენტრებში შესაბამისი გადამზადების გავლა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარება და გასაუბრება“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

სხდომაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  კანონში ცვლილებები კანონმდებლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. მისი თქმით, ცვლილებები  საჯარო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი სხვადასხვა რეფორმის ამოქმედების მიზნით მომზადდა.

ცვლილებების თანახმად,  დაფუძნდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე. აგრეთვე, ცვლილება უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის შექმნას და დგინდება დამატებითი გამონაკლისები კანონის მოქმედების სფეროდან.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

დღის ამბები