06 აგვისტო 2026,   05:22
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. პროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება ექნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, აგრეთვე გამოთხოვილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციის გაძლიერების მიზნით მომზადდა.

"კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას შესაბამისი მოცულობით და საჭიროებით, მხოლოდ რეკომენდაციის მოსამზადებლად და იმ პრინციპების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია როგორც საგადასახადო, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, რათა სტრუქტურამ მიიღოს და შეისწავლოს ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლებლობას მისცემს, რომ მომზადებული რეკომენდაცია და გადაწყვეტილება იყოს სრულყოფილი, დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
დღის ამბები