19 აგვისტო 2026,   10:53
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე: "ჩვენ გვახსოვს საქართველოს პარლამენტზე შტურმი, ცეცხლწაკიდებული ოთახები პარლამენტში, ჩამტვრეული შუშები, დაზიანებული პოლიციელები და ა.შ."

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის დანაშაულები, რომლებზეც დღეს პროკურატურა საუბრობს, საჯაროა და კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებთან ერთად, დადასტურებულია მათი ქმედებებიც და არსებობს კონკრეტული მტკიცებულებებიც.

"ძირითადად, უკვე აღიარებულია საჯაროდ ჩამოთვლილი პიროვნებების მხრიდან ხელისუფლების დამხობის მოწოდება. ასევე, შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება - ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას. ასევე, რუსეთის სასარგებლოდ გვახსოვს, რომ ირანული დრონების გაკეთებაში, სივრცე დაუთმო საქართველომო, ამას აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას. არამხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ ქმედებებიც მათი მხრიდან საჯაროდ არის დადასტურებული. ჩვენ გვახსოვს საქართველოს პარლამენტზე შტურმი, ცეცხლწაკიდებული ოთახები პარლამენტში, ჩამტვრეული შუშები, დაზიანებული პოლიციელები და ა.შ. ასე რომ ამ ბრიფინგზე დასახელებული პირები და მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, საჯაროდ არის აღიარებული და ეს არ გაჰკვირვებია ქართულ საზოგადოებას," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობის დაფინანსების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ფაქტებს. გამოძიება საუბრობს უცხო ქვეყნისთვის ინფორმაციის და დოკუმენტური მასალების მიწოდებაზე. მოწოდებებზე რევოლუციის, დამხობის და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირებისკენ. საუბარია სხვადასხვა პერიოდზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ და 2024 წლის არჩევნების მერე განვითარებულ მოვლენებზე. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს ბრალი სხვადასხვა მუხლით წარედგინება.

 

დღის ამბები