"ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან სკანდალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარი კორუფციულ საქმიანობაშია მხილებული. საერთაშორისო გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ გაშიფრული სქემით ირკვევა, რომ ანგელიკა ნიბლერს საგამოძიებო უწყება საპარლამენტო ხარჯებისა და ფინანსების არამიზნობრივ გამოყენებას ედავება.
სავარაუდო კორუფციულ სქემას ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო იკვლევს. თბილისს ბრიუსელში დაწყებული გამოძიება არ აკვირვებს. მმართველ გუნდში ნიბლერს იმ მასშტაბური კორუფციის სახედ მიიჩნევენ, რომელიც უკვე წლებია ევროსტრუქტურებში არსებობს.
ევროპარლამენტართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. თუმცა კორუფციულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ანგელიკა ნიბლერი, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციების აქტიური გულშემატკივარი და იმ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია, რომლის გაერთიანებაშიც თავად "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც ირიცხება. მიუხედავად ამისა, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ თემა განსახილველად საინტერესო არ არის.
ბოკუჩავასა და "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ოპოზიციის სხვა ნაწილიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ბრიუსელი მსგავს პრობლემებს თავად გაუმკლავდება.
ევროკავშირში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ფართო სურათში აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს იმ გამოძიებებზე აკეთებენ, რომლებიც უკვე წლებია, როგორც ევროდეპუტატების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარეობს. მორიგი სკანდალური კორუფციული დანაშაულის შესახებ მედიამ დღეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვა.
"პოლიტიკომ" ევროპარლამენტარის კორუფციულ საქმიანობაში სავარაუდო ჩართვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. ამ დრომდე კომენტარი არცერთ იმ ევრობიუროკრატს არ გაუკეთებია, რომლებიც სხვა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებს აქტიურად აკრიტიკებენ.