ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში მონაწილეობა ირაკლი კობახიძემ, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო. გამოფენა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნა, სწორედ მისი მოწვევით იმყოფება შანხაიში საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. მთავრობის მეთაურის სიტყვებით, საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩინეთთან თანამშრომლობას ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხელშესახები შედეგები მოაქვს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში და ამავე დროს აძლიერებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, როგორც სივრცე, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკას ხვდება და სადაც კონკრეტული გეგმების რეალიზება ხდება - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საკუთარ სიტყვაში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა. ლი ციანი დარწმუნებულია, რომ გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით ბრუნდებიან.
ჩინეთში ვიზიტის დროს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება. საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარება, რაც ერთი მხრივ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, მეორეს მხრივ კი, საქართველოდან ჩინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს საგამოფენო სივრცეც გახსნა. ჩინეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი კი, შანხაის მერთან სტუმრობით გაგრძელდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს, ხვალ დაასრულებს.