19 აგვისტო 2026,   07:01
ვრცლად
რატომ ჩაურიცხეს "ლელოს" ლიდერებმა მეიერს 6.8 მილიონი მას შემდეგ, რაც მას საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა - ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ჟურნალისტების კითხვებს ისევ არ პასუხობს. მიზეზი მათი ლიდერების საბანკო ტრანზაქციებია. რატომ ჩაურიცხეს "ლელოს" ლიდერებმა ჰოლანდიელ ბიზნესპარტნიორ ბობ მეიერს 6.8 მილიონი დოლარი მას შემდეგ, რაც მას ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა? - ამ კითხვის მთავარი ადრესატები მეორე დღეა დუმილს ირჩევენ. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ ხაზარაძე-ჯაფარიძის ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები გახარიას გუნდიდან.

პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობაში დაადანაშაულა დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ". "ლელოს" ლიდერებს დღეს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებული დავაც შეახსენეს.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილება არ უკვირთ პარტია "გირჩში". ამბობენ, რომ პროექტზე პასუხისმგებელი სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო. საპირისპირო პოზიცია აქვთ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის დუმილი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის და შემუშავებული თაღლითური სქემის დადასტურებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნების" შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეიერი და "ლელოს" ლიდერები შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება 31 ივლისს გახდა ცნობილი. მან საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, რითაც დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. არბიტრაჟმა ხაზარაძე-ჯაფარიძის ჰოლანდიელ ბიზნესპარტნიორ ბობ მეიერს, თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

დღის ამბები