1958 წელი, თბილისი, ლენინის გამზირისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთა. ბევრმა შეიძლება ეს ადგილი ახლა ვერ ამოიცნოს, აქ დღეს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის - ფილარმონიის შენობა დგას.
60-იანი წლების დასაწყისში, თბილისში არსებული საკონცერტო სივრცეები - ოპერისა და ბალეტის თეატრი და სპორტის სასახლე მაყურებელს ვეღარ იტევდა და ვეღარც კონცერტებისთვის საჭირო ტექნიკურ სტანდარტებს პასუხობდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა, რომ აშენდებოდა დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდებოდა.
მშენებლობა 1961 წელს დაიწყო, 10 წელიწადში კი დედაქალაქს უკვე ჰქონდა გამორჩული არქიტექტურის, მრგვალი მულტიფუნქციური შენობა, სადაც გრანდიოზული კონცერტები და ფესტივალები ტარდებოდა.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფილარმონიამ ათასობით ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა, წლებთან ერთად, საკონცერტო დარბაზის ინფრასტრუქტურა მოძველდა.
Starring Georgia ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. პარალელურად მიმდინარეობს ფილარმონიის უნიკალურ არქივში შემორჩენილი უნიკალური აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულებაც.