საბაგირო გზა, რომელიც მეტროსადგურ სარაჯიშვილს ზღვისუბანთან და მეტროსადგურ ისანს ვაზისუბანთან დააკავშირებს, მეტროს 111 თანამედროვე სტანდარტის ახალი ვაგონი, ახალი საავტომობილო ხიდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დედაქალაქის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს. თემაზე დეტალურად დღეს თბილისის მერმა საკრებულოში ისაუბრა. ტრიბუნიდან კახა კალაძემ იმ ადამიანებსაც მიმართა, რომლებმაც მერის არჩევნებში მხარი მას დაუჭირეს.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა მეტროსადგურ მარჯანიშვილისა და ახმეტელის მეორე ამოსასვლელებზეც – ამ პროექტმა მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უნდა გაუმარტივოს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ იყო კითხვები, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, ისე ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც.
მთავარი აქცენტი გაკეთდა სატრანსპორტო პოლიტიკაზე.
კახა კალაძეს საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატებმა კითხვები ძველი ლიფტების ჩანაცვლების პროგრამასა და იმ სკოლებზეც დაუსვეს, სადაც რეაბილიტაცია დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
კახა კალაძეს მხარდაჭერა საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გამოუცხადეს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების პროცესში წვლილს ოპოზიციის ხუთი დეპუტატიც შეიტანს.
საკრებულოში დედაქალაქის მერმა "ემაარ ჯგუფის" მიერ საქართველოში დაგეგმილ 6-მილიარდიან ინვესტიციაზეც ისაუბრა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ თბილისში განხორციელდება.