09 აგვისტო 2026,   23:55
ვრცლად
64 მუნიციპალიტეტი და 64 საკრებულო - დღეს, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები პირველად გაიმართა

თვითმმართველ ორგანოში შეკრება საკრებულოს წევრებმა დილიდან დაიწყეს. პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გახსნა და სხდომის წარმართვისთვის, საკრებულოს უხუცესი წევრი მიიწვია. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა იყო. ზურა აბაშიძე თვითმმართველ ორგანოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მერვე მოწვევის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტიის 50 დეპუტატია წარმოდგენილი. 45 მანდატი "ქართულ ოცნებას" აქვს, დარჩენილ 5 მანდატს კი ოპოზიცია ინაწილებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ტრიბუნას ოპონირებისთვის გამოიყენებენ. სახელისუფლებო გუნდში კი იმედოვნებენ, რომ მათი კოლეგა ოპოზიციონერები კონსტრუქციულ ჩარჩოებს არ გასცდებიან.

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა ბათუმშიც.

აირჩიეს თავმჯდომარე და დაარეგისტრირეს ფრაქციებიც. მეექვსე მოწვევის საკრებულო 25 წევრისგან დაკომპლექტდა. საიდანაც 22 მანდატი აქვს "ქართულ ოცნებას". თითო წევრითაა წარმოდგენილი "გირჩი", "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის". მანდატის შეჩერებაზე საკრებულოს დღეს გახარიას პარტიის წევრმა ჯემალ ანანიძემ მიმართა, ის პარტიის საპარლამენტო სიაშია.

განსხვავებული მოცემულობა არის წელს რუსთავის თვითმმართველ ორგანოში. თუ მეშვიდე მოწვევის საკრებულო ოპოზიციური იყო, წელს უმრავლესობა და 21 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ჰყავს. რუსთავის მსგავსად, დღესვე აირჩიეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები. ზუგდიდში საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო ოთხ წელში ყოფილი მერი მამუკა წოწერია უხელმძღვანელებს. 50 კაციან საკრებულოში 48 წარმომადგენელი სწორედ მმართველ პარტიას ჰყავს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას კი თითო-თითო.

თვითმმართველი ორგანოს საქმიანობის ლეგიტიმურობა ცნეს კახეთში, გორსა და ქუთაისში, სადაც მანდატების უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს.

დღის ამბები