"თუ ვინმემ მისცა ლეგიტიმაცია დღევანდელ "ოცნებას", ეს, პირველ რიგში, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი შეიძლება ამას შეცდომით აკეთებდა, ზოგისთვის ეს შეიძლება განზრახ დანაშაულიც იყო, ზოგიც შეიძლება "სასარგებლო იდიოტის" როლშიც იყო, როდესაც არჩევნებში მისვლის ნაცვლად, "მშვიდობიანი დამხობის" აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, 4 ოქტომბერს, საზოგადოება იძულებული გახდა, არჩევანი არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ გაეკეთებინა, რადგან ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ალტერნატივად "მშვიდობიან დამხობას" სთავაზობდა.
"4 ოქტომბრამდე "ოცნებას" რეალურად ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დაიწყო მუნიციპალური არჩევნების ტოტალური კამპანია და ამას დაერთო უკვე "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციისკენ მოწოდება, ბუნებრივია, "ოცნებას" მიეცა საშუალება, რომ საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა, საკუთარ ცუდ მმართველობაზე გაცილებით უარესი ალტერნატივა, რაც იყო ზოგადად "მშვიდობიანი დამხობის," პოტენციური არეულობის, რადიკალიზაციის გამწვავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ერთგვარი საფრთხე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს რეალობა შეაფასა და არჩევანი, სამწუხაროდ, გააკეთა არსებული მწვავე რეალობის, რასაც ჰქვია "ოცნების" რეჟიმის მმართველობა, სასარგებლოდ და არა "მშვიდობიანი დამხობის სასარგებლოდ," - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.