UNESCO-ს 194 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3 000-მდე დელეგატი პირველად ისტორიაში, გენერალურ კონფერენციას არა პარიზში, არამედ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მართავს.
ისტორიული ქალაქში, რომელსაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში თავადაც საპატიო ადგილი უჭირავს, ჩასულია ქართული დელეგაციაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს პირველი დიპლომატის სიტყვას UNESCO-ს დელეგატები 31 ოქტომბერს მოისმენენ. ამავე დღეს, სამარყანდის საგამოფენო ცენტრში, მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია "საქართველო ღვინის სამშობლო", რომელიც დამთვალიერებელს ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიასა და კულტურას გააცნობს. ამავე პავილიონში მოეწყობა ქვევრის ინსტალაცია წარწერით: "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი 2013 წელს, UNESCO-ს მიერ შეტანილ იქნა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში."
უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, რომელიც მიზნად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის გატანას გულისხმობს.