სახელისუფლებო გუნდი, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. საუბარია ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის კომპანიათა ქსელის მიერ, რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" საწვავით ფარულად მომარაგებაზე. ეს ფაქტი და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტური გამოძიება, "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს უსაფუძვლოდ და მიზანმიმართულად ესხმიან თავს.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვრცელი ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიათა ქსელი, ფარულ მოქმედებებს, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს. რუსულ ტანკერებს კი ბალტიის ზღვის გავლით, ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობი გადააქვთ.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი- მათი მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევაზე არ საუბრობენ, თუმცა აქტიურად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. არქივი მრავლად ინახავს პოლიტიკოსების განცხადებებს, ვინც "ქართულ ოცნებას" სანქციებით, ქვეყანას კი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრება.
ბალტიისპირელი პოლიტიკოსების კრიტიკას მუდმივად იზიარებს ოპოზიცია, თუმცა დღეს გახარიას გუნდში თავი აარიდეს ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბარს, რომელიც ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარე ფარულ მოქმედებებს ავლენს.
ლიეტუველ, ლატვიელ და ესტონელ კრიტიკოს პოლიტიკოსებს, დღეს "ქართული ოცნებიდან" შეახსენეს, რომ რუსული ტანკერების ნავთობით მომარაგებით, მათი სახელმწიფოები, რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან. მმართველმა ძალამ, ყურადღება გაამახვილა ბალტიის რეგიონის სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთთან.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, 177 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერის მომარაგება მოხდა, საიდანაც მინიმუმ 159 გემი, ამ ოპერაციების შესრულებამდე ან მათ შემდეგ, მალევე იმყოფებოდა რუსეთის პორტებში.