142 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ბიო", რომელიც სამართალდამცავებმა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს, ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებაა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პოლიციამ 23 წლის კაცი დააკავა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილას მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას მალავდა. ეს დასტურდება გამოძიების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალითაც, სადაც ჩანს, რომ დაკავებული სხვადასხვა მისამართზე მოწყობილ სამალავებს პოლიციას თავად უჩვენებს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა "კურიერმა" გაარკვია, ის 2002 წელს დაბადებული ლუკა ხატიაშვილია.
"კურიერი" დღეს ვარკეთილში, მის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ეს საცხოვრებელი კორპუსი სწორედ ის ადგილია, საიდანაც პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყვნენ მობილიზებულები.
ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი