"სხვას ედავებიან იმას, რასაც თვითონ აკეთებენ. მაგალითად, რუსეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ბევრი მიმართულებით," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების ქმედებებს ორმაგ სტანდარტად აფასებს.
"სხვას აბრალებენ ისეთ რამეს, მათ შორის, სანქციების დარღვევას, რასაც თავად აკეთებენ. ანუ, გაღმა შედავების პრინციპის საფუძველზე, სხვას ედავებიან იმას, რასაც თვითონ აკეთებენ. მაგალითად, რუსეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ბევრი მიმართულებით. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, ტანკეტებით ეხმარებიან რუსეთს რომ აარიდოს თავი საერთაშორისო სანქციებს. საუბარი არის ზუსტად იმაზე, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოებამ დაუწესა სანქციები რუსეთს, რომ როგორმე რუსეთის ეკონომიკა შემცირებულიყო. ამ დროს ბალტიისპირეთი, რომელიც სხვას მოუწოდებს საერთაშორისო სანქციები დაიცავით და რუსეთი შევავიწროვეთო, თავად არის მშვენივრად ჩახუტებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიების ქსელი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებს საწვავით ამარაგებს. ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ დასავლეთის ფართომასშტაბიანი სანქციების მიუხედავად, ყოველდღიურად, რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვაზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობი გადააქვთ. პარალელურად კი, ბალტიისპირეთის ეს ქვეყნები რუსეთის პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლაციის ყველაზე მხურვალე მომხრეებს შორის არიან.