19 აგვისტო 2026,   01:59
ვრცლად
საქართველო ერევანში ჩანიშნულ ევრონესტის მე-12 ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო ერევანში ჩანიშნულ ევრონესტის მეთორმეტე ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საერთო საპარლამენტო სესია წელს სომხეთში იმართება, თუმცა, მასში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი, მასპინძელი იქნება ჩართული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროდეპუტატების არადიპლომატიურმა განცხადებებმა და სესიაზე ქართველი ოპოზიციონერების სამოქალაქო სექტორის სახელით მიწვევამ, ფორმატს აზრი დაუკარგა.

საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ბელორუსი - 14 წლის წინ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის საპარლამენტო ფორმატს პირველად ბელორუსი გამოეთიშა. მეთორმეტე სესიას ბოიკოტს აზერბაიჯანი და საქართველო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მოტივით უცხადებენ. საპარლამენტო დელეგაცია ვერ დააკომპლექტა მოლდოვამაც. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა მიდგომებს უნდა გადახედონ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას იზოლაციონიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ოპოზიცია. საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში მიწვეული არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გარე აქტორების მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევა, მხოლოდ დემოკრატიის სტიმულირებისთვის ხდება.

ევროპარლამენტარების მხრიდან ქართული ოპოზიციის ლობირება და მიწვევა არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ევრონესტის წესდების დარღვევაზე და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე აკეთებს აქცენტს. სახელისუფლებო გუნდში ამტკიცებენ, რომ ევროპელი დეპუტატების მიკერძოებული მიდგომა, ქვეყანაში ევროსკეფტიციზმს ახალისებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის მიზნით დაფუძნებული საპარლამენტო ფორმატი უკვე 14 წელია ფუნქციონირებს. წელს, პირველად, ევრონესტის სესია მხოლოდ სომხეთისა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება.

დღის ამბები