გახარიას პარტია ხვალიდან პარლამენტში მუშაობას იწყებს. ერთი დღით ადრე, კომენტარი პარტიაში გაკეთდა. გადაწყვეტილება შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა, მანდატი და პარტიის რიგები დატოვა რუსუდან თევზაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლეთა შორის.
რუსუდან თევზაძის განმარტებით, მან საკუთარი თავი ვერ დაარწმუნა, რომ პარლამენტში შესვლა მართალი და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა უფრო მეტი წილი, ანუ ფსონი დამედო ჩემს მოქალაქეობაზე, როგორც ასეთზე - რუსუდან თევზაძეზე და არა როგორც პარლამენტის წევრ რუსუდან თევზაძეზე. მათ არჩევანი ასეთია, ისინი ასე ხედავენ, ასე არიან მომართული, შედეგზე ორიენტირებული და მე, ბოლომდე ეს ვერ გავითავისე, ჩემი თავი ვერ დავარწმუნე, რომ ეს იქნებოდა მართალი და სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
შეწყვეტილი ბოიკოტი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გახარიას გუნდს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება, თუმცა მათი საკანონმდებლო ორგანოში შესვლით არაფერი შეიცვლება.
"გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ისინი რუსუდან თევზაძის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, მის ადგილს კი ადგილმონაცვლე დაიკავებს.
"ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის არ იქნება პარლამენტში, მას ეყოლება ადგილმონაცვლე. შესაბამისად, მისი ადგილმონაცვლე დაიკავებს ადგილს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.