ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, შუაგულ პეკინში მრავალჟამიერი ისმის. ქართველ ვაჟთა გუნდს დროდადრო ბანს ჩინელი მომღერლები აძლევენ.
ამ დროს სტუმრებიც და მასპინძლებიც ცვლიან ჰანგებს და კულტურულ სახესხვაობებს, ორი ქვეყნის ისტორიას, რომელიც უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეა და მათ წიაღში დაიბადა.
სცენაზე მგალობელ-მომღერალთა სახელმწიფო ანსამბლი დიდგორი დგას და ნამდვილი სანახაობაც ამ წუთიდან იწყება.
უძველესი აბრეშუმის გზის ნაკვალევზე, პეკინის დიდ სცენაზე ჩვენ მარტოები არ ვართ. ერთმანეთს ენაცვლებიან ჩვენი შორეული თუ ახლო მეზობლები, ადამიანები თითქმის ყველა კონტინენტიდან, ამ დარბაზში მთელი პლანეტის პატარა მოდელს რომ წარმოადგენენ.
პეკინში - ჩინეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში - ერთი მიზნისთვის შეიკრიბნენ. დიდი მისია აქვთ - საკუთარი ქვეყნების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთს უნდა გააცნონ და კიდევ უფრო პოპულარული გახადონ.
ღონისძიებაზე ნელ-ნელა იკრიბებიან და წინა რიგებში საპატიო ადგილებს იკავებენ მსოფლიო ქვეყნების პირველი დიპლომატებიც.
შორეულ ჩინეთში ქართველების სათქმელს ეს კუთხე ჰყვება, თითქოს ყველასგან გამორჩეული ამ დარბაზში, სტრატეგიულ ადგილას რომ დგას, ევროპული სტენდის გვერდით.
ასე ჩავიტანეთ დიდ ჩინეთში პატარა საქართველო - ქვევრისა და ღვინის 8 000 წლოვანი ტრადიციით. მასპინძლებისა და არამხოლოდ მათთვის გავაცოცხლეთ საუკუნოვანი წარსული, ქართული სამოსი და სამკაული. რეწვის ოსტატების ნამუშევრებით აქ , ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას ვყვებით - ამ ხისა თუ თიხის ნაკეთობებით, უძველესი ორნამენტებით, ქართული ლურჯი სუფრით
ჩვენი ეთნოკულტურა მთელ მსოფლიოს სამხატვრო აკადემიისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა წარუდგინეს.
მას შემდეგ, რაც საქართველო ჩინეთში მიიპატიჟეს, კულტურის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა მოამზადა. ღონისძიებაზე ქართულმა მხარემ ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და ფოლკლორული მუსიკა წარადგინა. ქართულ სტენდი დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ჩინეთში. აქ ვუმასპინძლეთ ადგილობრივებსაც.
ამ დახლებთან დამთვალიერებლების სიმრავლეა. აქ, ქართლი რეწვის ოსტატების ქართული ანბანისა და ორნამენტის თემაზე მასტერკლასებს ატარებენ. ვიზიტორებს სამახსოვრო საჩუქრებს ურიგებენ. მასპინძლები კურიერი პიესის ობიექტივთან ემოციებს ვერ მალავენ.
სამშობლოდან შორს ქართლი ჰანგები კიდევ უფრო ემოციური იყო იქ ჩასული ქართველებისთვის.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეულის მეორე დღე. დილა სახელმწიფო ანსამბლ დიდგორის კონცერტით დაიწყო. ქართული პოლიფონიური მუსიკისადმი ინტერესი დიდია. მათთვის სიტყვებიც უცხოა და შესრულების მანერაც, მაგრამ ქართული ხალხური მუსიკის რიტმებს მაინც ჰყვებიან. უსმენენ დიდები და პატარები, მოხუცები, არიან ბავშვებით, ზოგისთვის საქართველო ძალიან უცხოა, ზოგისთვის ნაცნობი, ზოგმა რუკაზე საქართველო ახლა მონიშნა და მოგზაურობაც გადაწყვიტა.
ანსამბლმა დიდგორმა კონცერტის დასრულების შემდეგ ღვინით საქართველოს სადღეგრძელო დალია და იქ შეკრებილი მსმენელიც ისევ ქართულ მრავალხმიანობას აზიარა.
პეკინში ჩატარებულ კვირეულს 39 ქვეყნიდან 3000-მდე მონაწილე ჰყავდა, ვიზიტორების რაოდენობა კი 500 000 იყო.
ამ დღეს ჩინეთში ყველამ საკუთარი წილი საქართველო ჩაიტანა და ამ კვირეულის ისტორიაში საკუთარი ავტოგრაფიც სამუდამოდ დატოვა.