"ბოლო წლებში, ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ "თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად საქართველოს მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი გამოარჩევს.
"სიმბოლურია, რომ "თბილისის ფინანსური სამიტი" აბრეშუმის გზის მასშტაბური ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში. ახლა კი დადგა დრო და სახეზეა ყველა წინაპირობა და აუცილებლობა იმისა, რომ საქართველო ასეთივე მძლავრ საფინანსო ჰაბად ჩამოყალიბდეს რეგიონში.
საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში, ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი", - განაცხადა ნათია თურნავამ.