15 აგვისტო 2026,   22:17
ვრცლად
4 ოქტომბრის მოვლენები - ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიცია ბრალდებებს უარყოფს

სახელმწიფო შენობებში შეჭრა, მსხვერპლი, მასობრივი ქაოსი და ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება – ნეპალის სცენარი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში 4 ოქტომბერს უნდა განმეორებულიყო. სპიკერი ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სინქრონიზებული და უცხოეთიდან ორგანიზებული იყო. ქვეყანაში მასობრივ არეულობას კი მხარდაჭერა თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ადგილობრივმა ჯგუფებმა გამოუცხადეს.

გეგმას ხელიც მოაწერეს, მხარიც დაუჭირეს, 4-ში, 4 საათზე ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩაშიც გავიდნენ, თუმცა ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსული სააკაშვილის პარტია, რევოლუციის მეორე მცდელობის ჩაგდების შემდეგ, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის შტურმზე პასუხისმგებლობას იხსნის. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ გეგმის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და იქვე ირწმუნებიან, რომ ეს გეგმა ძალადობრივ ქმედებებს არ ითვალისწინებდა.

პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორებს „ლელო“, სადაც 4 ოქტომბრის აქციაზე გასვლა ბოლო წამს გადაიფიქრეს. რევოლუციურ ჯგუფს გამიჯნული ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია, ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ახლა იმ ორგანიზატორებს აკისრებს, ვინც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

ყველა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა, პასუხს კანონის წინაშე აგებს, ამბობენ სახელისუფლებო გუნდში და სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების დამხობის გეგმაში ოპოზიციის დამხმარე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრიც იყო. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს გვარები არ დაასახელა, თუმცა მიუთითა, რომ მთავარი შუამავალი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იყო, რომელიც მთავრობის მეთაურმა თანხის მიმღებად დაასახელა.

ვინ იყო ჩართული და ვის რა როლი ჰქონდა 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვის პროცესში? – შსს-ში გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზეა აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი, თუმცა ხელისუფლება დაკავებულ პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები